ელისაშვილს მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს, 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ალექსანდრე ელისაშვილმა 2025 წლის 4 მაისს საქალაქო სასამართლოს არქივის დაწვა სცადა. ელისაშვილი სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში ხანძარი გაჩნდა. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს. პროკურატურის ცნობითვე, ალეკო ელისაშვილმა სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით, საქალაქო სასამართლოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა; ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ალექსანდრე ელისაშვილის ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა.