ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ალეკო ელისაშვილის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გირაოს შეფარდებაზე ადვოკატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ყოფილ დეპუტატ ალი ბაბაევზე პოლიტიკური ნიშნით ფიზიკურ თავდასხმაში ედება ბრალი. ბრალდებული დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და ამტკიცებს, რომ მოგერიების რეჟიმში მოქმედებდა.

2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გარშემო განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. დაცვის მხარის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ წევრმა ელისაშვილს პროვოკაცია მოუწყო, რასაც მანამდე თვეების განმავლობაში სიტყვიერი მუქარები უძღოდა.