პოლიტიკური ნიშნით დევნაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს საქმის განმხილველი მოსამართლე შეეცვალა და შესაძლოა, საქმეზე მსჯელობა ხელახლა დაიწყოს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია გიორგი გელაშვილმა შეცვალა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ის საქმის ხელახლა განხილვის დაწყებას არ დაეთანხმება, ვინაიდან მოწმეებს „მის სასარგებლოდ აქვთ ჩვენებები უკვე მიცემული“. შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.