ელისაშვილი სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ორი მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი და ის მანდატური დაიკითხა, რომელიც უშუალოდ შეესწრო ფაქტს და ელისაშვილის მხრიდან მიიღო ხელზე დაზიანება. სხდომაზე მოწმეებმა აღწერეს ის მდგომარეობა, რაც ადგილზე მოსულს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში დახვდა. ელისაშვილს ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. გამოძიების თქმით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებულმა, შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა. ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, საქმეში ელისაშვილის წინააღდეგ მტკიცებულებები არ დევს, რაც დაადასტურებს, რომ ელისაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენა სცადა. მის მიმართ წარდგენილ ბრალს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.