ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე, გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად, უქმედ გამოცხადდა. დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ისტორიული ეკლესია არის ადგილი, სადაც ბრიტანეთის მეფეებისა და დედოფლების კურთხევის ცერემონია იმართება და სადაც დედოფალმა პრინც ფილიპზე იქორწინა. ბრიტანული მედიის ცნობით, დაკრძალვას სამეფო ოჯახთან ერთად, მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან.
ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ელისაბედ II-ის დაკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე, მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში გაემგზავრებიან.