ელიმინაციის პროგრამის ეროვნული ანგარიში
საქართველო „ბე“ და „ცე“ ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად ემზადება – უახლოეს დღეებში ჩვენი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს. საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენი ეროვნული ვალიდაციის ანგარიშის დასრულებული პროექტი განიხილეს. ანგარიშში ასახული მონაცემებით, ქრონიკული ცე ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88 მთელი ხუთი მეათედი პროცენტი დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87 მთელ ერთ მეათედ პროცენტს უკვე დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, „ცე“ ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99 პროცენტს აღწევს. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ბე ჰეპატიტის მიმართულებითაც.