კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმას ქმნის. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებსა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში, საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია, საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე განახლდება.