ელექტროენერგიის ტარიფი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობა დღეს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფის განსაზღვრით დაიწყო, თუმცა ვარდნილ ჰესების კასკადისა და ენგურჰესისთვის ტარიფის გამოცხადება 19 დეკემბრისთვის გადაიდო.  სხდომაზე ორივე ჰესისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსები არ იყო წარდგენილი. დოკუმენტაციის წარდგენა ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილების პროცესი გაჭიანურდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა ენგურჰესისა და ვარდნილ ჰესების კასკადის ფინანსურ მდგომარეობაზე სრული ინფორმაცია მიიღეს. ენგურჰესი ტარიფის გაზრდას ითხოვს. მისი ფინანსური დირექტორის ინფორმაციით ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია თითქმის სრულად და უსასყიდლოდ მიეწოდება ოკუპირებულ აფხაზეთს.