ელექტროენერგიის გათიშვა
დედაქალაქის უმეტეს და რეგიონების მცირე ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის აღდგენილია.
შუქი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს საღამოს, დაახლოებით 20:15 წუთზე ისევ გაითიშა. ოფიციალური ინფორმაცია დენის გათიშვის მიზეზებზე ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა სემეკის წევრმა. გიორგი ფანგანის განცხადებით,
სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან. როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა.