ელექტროენერგიის ახალი ტარიფი

2018 წლის პირველი იანვრიდან თბილისისა და რეგიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება კერძო ობიექტებზეც ვრცელდება.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის მატების მიზეზად ამჯერად ლარის კურსი არ უხსენებია. არგუმენტად კერძო კომპანიების მიერ მომავალი სამი წლის განმავლობაში შესასრულებელი საინვესტიციო ვალდებულებები სახელდება.

ტარიფის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შესაბამისი მოთხოვნით სემეკს თელასმა და ენერგო პრო ჯორჯიამ მიმართეს. თუმცა, განაცხადების ავტორები დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ მაინც უკმაყოფილოები არიან.

დედაქალაქის მოსახლეობისთვის დენის გადასახადი ბოლოს 2015 წლის აგვისტოში, საშუალოდ, სამი თეთრით გაიზარდა. კერძო ობიექტებისთვის კი, ტარიფში ბოლო ცვლილება 2016 წლის დეკემბერში შევიდა.