ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები უცვლელი დარჩა

დენის ტარიფი მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ შეიცვლება.

ასეთია სემეკ-ის გადაწყვეტილება – რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, გამანაწილებელი კომპანიების მიმართვის საფუძველზე მიიღო. ახალი ტარიფის დადგენამდე, დაგეგმილია სხვადასხვა ობიექტების მიერ მისაღები ენერგიის მოცულობის დაზუსტება და საინვესტიციო გეგმების კორექტირება. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მოლოდინი მას შედეგ გაჩნდა, რაც სემეკ-ს გამანაწილებელმა კომპანიებმა თითქმის ორ მილიარდ ლარამდე ღირებულების საინვესტიციო პროექტები წარუდგინეს. ფინანსები რეგიონებში ელექტროქსელის სრულ რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს და დენის მიწოდების კუთხით არსებული ხარვეზები აღმოფხვრას. სამი თვის შემდეგ გაირკვევა, როგორ აისახება დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები დენის ტარიფზე. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გაზის საფასური მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იგივე იქნება.