სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით ელენე ხოშტარიას საკითხს შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს. საქმე ეხება პარტია „დროას“ ლიდერის მიერ გავრცელებული წერილს, რომელშიც მან შსს-ს თანამშრომლები ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ის დეტალურად იხსენებს მოვლენებს და ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად, იზოლატორში კი ფსიქოლოგიურად იძალადეს. ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი თითქმის 24 საათის შემდეგ, გუშინ დატოვა. მის საქმეზე საერთო განცხადება გაავრცელა სამმა პოლიტიკურმა პარტიამ. „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს. „დროას“ ლიდერი ორი დღის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოძიება მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.