ელენე ხოშტარია დაკავებულია 

21:10, 15.09.2025

დაკავებულია კოალიცია „ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი. ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ნივთის დაზიანება ან განადგურება – ასეა ფორმულირებული მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს. „დროას“ ლიდერს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. საუბარია მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ შემთხვევაზე, როცა პოლიტიკოსმა ბანერზე „რუსული ოცნება“ მიაწერა. ანალოგიური ქცევისთვის იმავე მუხლით იყო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძეც, რომელიც წინა კვირას გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორედ მის მიმართ სოლიდარობით ახსნა ხოშტარიამ საკუთარი ქცევა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას მწვავე განცხადებებით ეხმაურებიან პოლიტიკურ წრეებში. პოლიტიკოსი ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას, ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი