პატიმრების წამების საქმე - მეგის ქარდავას სასამართლო

მეგის ქარდავას პროტესტი სასამართლო დარბაზში.

არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტი მოსამართლის წინაშე დღეს პირველად წარდგა. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკურ დევნად განიხილავს ყველა საქმეს, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია, ან განხილვის პროცესშია. მათ შორის 2011 წლის აპრილში სამი დაკავებულის ცემის და წამების საქმეს, რომელსაც საქალაქო სასამართლო ახლა იხილავს. საუბარია რუსი გენერლის დავალებით ტერაქტის მომზადება-მოწყობის ბრალდებით დაკავებულ ელდარ ქობალიაზე, მერაბ ყოლბაიასა და კობა მატკავაზე, რომლებიც გამოძიების ცნობით, აღიარებითი ჩვენებების მისაღებად ქარდავამ ხელკეტებით და ელექტროშოკით აწამა. მაშინ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. 21 წლის ელდარ ქობალია დაკავებიდან მალევე, ციხეში მოკვდა.

„ყოლბაია არაერთხელ გახდა წამების მსხვერპლი, სახალხო დამცველთან მან ვრცლად ისაუბრა ელდარ ქობალიას წამებით სიკვდილზე“, – ეს არის ნაწყვეტი ომბუდსმენის 2013 წლის განცხადებიდან.

უკრაინიდან ორი თვის წინ ექსტრადირებული მეგის ქარდავა დღევანდელ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულებას გაყალბებულად მიიჩნევს და ხალხის სამსჯავროს მოწყობით იმუქრება.