ელჩი გადადგა - დანიგანის დიპლომატიური და პოლიტიკური მისიის დასასრული 

ნაადრევად შეწყვეტილი უფლებამოსილება და განცხადება, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა: რატომ დატოვა საქართველოში ამერიკის ელჩმა თანამდებობა ვადაზე ადრე – პენსიაზე გასვლის და დიპლომატიური საქმიანობის საერთოდ დასრულების გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება და გასხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვა. მითუმეტეს, საქართველო-აშშ-ის შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის და გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. წინა ელჩისგან გასხვავებით, ხელისუფლება დანიგანის მიმართ მკაცრ რიტორიკას ნაკლებად მიმართავდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან გაჟღერებულმა გზავნილებმა და ამერიკის საელჩოს მოქმედებებმა მოცემულობა შეცვალა. მმართველი გუნდი განმარტებას ითხოვდა, თუ რატომ არ გაავრცელა ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ დონალდ ტრამპის მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მისალოცი ტექსტი, კითხვები მოჰყვა თბილისში ამერიკელი სენატორის ვიზიტის დროს საელჩოს პოზიციონირებასაც. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ელჩის პოზიცია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან თანხვედრაში არ იყო.