ელჩების კონფერენცია - საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

სანამ გაირკვევა კონკრეტულად რა ფორმით განაგრძობენ ბრძოლას ხელახალი არჩევნებისთვის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია, მმართველი გუნდი მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის დეოკუპაციას და ევროინტეგრაციას აცხადებს. ძირითად გამოწვევად რჩება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა. მიღწევებსა და გამოწვევებზე ხელისუფლების პირველმა პირებმა ქართველ დიპლომატებთან ერთად, ელჩების კონფერენციაზე იმსჯელეს, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ქართული მხარე მზად არის შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და შემხვედრ ნაბიჯებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ელოდება. ელჩებს პირველად მიმართა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მძიმე სპეკულაციები გრძელდება, რასაც სიმართლე უნდა დაუპირისპირონ. რაც შეეხება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთს ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვის თაობაზე, მმართველი გუნდი მოწოდებას ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად აცხადებს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.