ელჩების კონფერენცია
ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების თემაზე სამუშაო სესია გაიმართა. განსახილველი თემა იყო „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“. სამუშაო სესია, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა და მასში სხვადასხვა დარგის მინისტრები მონაწილეობდნენ. ასევე – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მონაწილეებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრეს და თავიანთი უწყებების მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ახალი ბაზრების ათვისების და დივერსიფიკაციის, ინვესტიციების მოზიდვის, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფისკალური სტაბილურობის გაძლიერების, გარემოს დაცვის, საგზაო ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამუშაო სესიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას და ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას. ღონისძიება 25 დეკემბერს დაიხურება.