გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ფაქტს საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა თავად დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისგან, რომელსაც ხელისუფლების პირველი პირები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერაზე ხშირად მიუთითებენ. ელჩი სამინისტროში გამოძახებას დიპლომატიურ სანქციად მიიჩნევს და ქვეყნის საგარეო კურსს ევროკავშირის წევრობასთან შეუსაბამოდ კიდევ ერთხელ აცხადებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები. ცნობისთვის, გერმანია ერთ-ერთია ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის, რომელთა სახელით, გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკმაოდ მწვავე შინაარსის განცხადება გაავრცელა და ცალკეული ქვეყნების საელჩოების მისამართით ხელისუფლების ბრალდებებს უპასუხა.