ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა - ირაკლი კობახიძის განცხადება

პრემიერობის კანდიდატად წარდგენის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს წერილი, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს აფასებს და საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. მმართველი გუნდის ლიდერის მოლოდინია, რომ ოთხი წლის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მოსახლეობის ცხოვრების დონეებში სხვაობა შემცირდება. ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად კობახიძე ეკონომიკური ზრდის მთავარ წინაპირობად მშვიდობას მიიჩნევს. რამდენად აქვს საქართველოს ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკურ პარამეტრებთან გათანაბრების შესაძლებლობა და რესურსი – ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე გაკეთებულმა პროგნოზებმა პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ხელისუფლების ცვლილების გარეშე ოპოზიციურ ფლანგს საკმაოდ პესიმისტური მოლოდინები აქვს.