ეკონომიკის სამინისტროს განცხადება

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში ლიდერია, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში, საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა.

საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ.