ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სერბეთში

21:43, 22.12.2025

საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დასამყარებლად მოლაპარაკებები იწყება. შესაბამისი მემორანდუმი ხელმოწერილია. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბელგრადში იმყოფება. ხელშეკრულებას დღეს მან და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა მოაწერეს. მოლაპარაკებები მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს. მხარეებმა პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების კუთხით მოსალოდნელ სარგებელზე ისაუბრეს. მოლოდინია, რომ ალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული პროდუქცია და შესაფუთი მასალები იმ საექსპორტო სექტორებს შორის იქნება, რომლებიც ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის პერსპექტივას გააჩენს. დღესვე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გამოსვლის დროს მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, პირდაპირი ავიარეისების დაწყებით მიღებულ სარგებელზე, ვიზიტორებისა და ტურისტების გაზრდილ ნაკადებზე და ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი სრულ პოტენციალს მაინც არ ასახავს და ამ მხრივ ძალისხმევა გასააქტიურებელია.

მსგავსი