ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ხევსურეთში იმყოფებოდა – ნათია თურნავა შატილში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის სოფელ შატილთან ჰიდროელექტროსადგურის – „ბიტეხი ერთი ჰესის“ მშენებლობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, მიკროჰესის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება ელექტროენერგიის მიწოდების კარგი საშუალებაა იმ რეგიონებისთვის, სადაც ენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეუძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.