ეკონომიკის გამოწვევები და მსოფლიო ბანკის მონაცემები

რა გავლენა ექნება 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქართულ ეკონომიკაზე.

პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ ინიციატივით, დღეს ბიზნესის ნაწილი ერთ სივრცეში შეიკრიბა. შეხვედრას პლატფორმაში გაწევრიანებული კერძო კომპანიები ესწრებოდნენ, რომლებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ბიზნესზე ნეგატიურად მოქმედებს და მას გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მძიმე ეფექტები ექნება. დეესკალაციის გზად და გამოსავლად ბიზნესმენები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევენ, სხვა შემთხვევაში გარდაუვალ ეკონომიკურ პრობლემებს და სირთულეებს პროგნოზირებენ. ეს გზავნილები იკითხებოდა იმ ვრცელ გამოსვლაშიც, რომლითაც ბიზნესმენმა, წინა ხელისუფლების დროს პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკა გილაურმა შეხვედრის მონაწილეებს მიმართა. მმართველი გუნდი ბიზნესის ნაწილს ბოლო ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მონაცემებს ახსენებს. მათ შორის მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშს, სადაც წერია, რომ გასულ წელს საქართველოს ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას შორის მშპ-ს ყველაზე მაღალი ზრდა ჰქონდა.