ეკა ბესელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა
ეკა ბესელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიების გამო დატოვა. დეპუტატების ნაწილი კი ამ ვერსიას არ ეთანხმება, თუმცა, აცხადებს, რომ მათთვის ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვება მოულოდნელი არ ყოფილა.
კანონმდებლები დეტალებზე არ საუბრობენ და არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა ეკა ბესელიამ ეს გადაწყვეტილება გუნდის რომელიმე წევრის ზეგავლენით, თუმცა, უმრავლესობის წევრები რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ხმებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვებაზე საუბარი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში საკამათო სია შევიდოდა.