ედმონდ კალანდაძის გამოფენა

ედმონდ კალანდაძის შემოქმედების რეტროსპექტივა ეროვნულ გალერეაში.

საგამოფენო სივრცე ცნობილი ქართველი მხატვრის და უნიკალური სტილის მქონე ავტორის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას მასპინძლობს. სხვადასხვა მუზეუმის ფონდებიდან, ოჯახიდან და კერძო კოლექციებიდან წარმოდგენილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის ისეთი ნახატები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

მხატვრის შემოქმედებას ეროვნული გალერეის ოთხი საგამოფენო სივრცე ეთმობა და დამთვალიერებელი 80-მდე ნამუშევრის ნახვას შეძლებს. გამოფენა კულტურის სამინისტროსა და გალერეა „ვანდას“ თანამშრომლობით ეწყობა.

ექსპოზიცია ხვალ გაიხსნება და ეროვნულ გალერეაში 5 აგვისტომდე იქნება წარმოდგენილი.