ე. წ. ქოლ-ცენტრების საქმე და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

გიორგი გახარიას გუნდის ინიციატივა ჩავარდა. ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა კენჭისყრაზეც ვერ გავიდა.

უმრავლესობის წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. საკითხის ჩაგდების მიუხედავად, ყოფილი პრემიერის პარტიის ინიციატივა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა. გახარიას გუნდს ეჭვი აქვს, რომ ევროპელი პენსიონრების ძარცვის საერთაშორისო თაღლითურ ქსელს საქართველოში ხელისუფლება მფარველობს, ბრალდების პასუხად „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელებს ახსენებს, რომ რეზონანსული საქმე 2018 წელს, ანუ გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახმაურდა. მაშინ, როცა ევროპელ სამართალდამცავებთან ერთად დანაშაულებრივ სქემას საქართველოს პროკურატურაც იძიებს, პარლამენტში საქმის გამოძიების მოთხოვნის მიღმა მმართველი გუნდი კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს, კერძოდ კი, „ბიბისის“ მიერ სქემის ორგანიზატორად დასახელებული დავით კეზერაშვილის დახმარების მცდელობას ხედავს.