ე.წ. მოსმენების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. მოსმენების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა განაახლა.

326 მოქალაქისა და სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა ორდღიანი პროცესის შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლის მოსმენის ეტაპზე შეწყდა და დღეს ამავე საკითხით გაგრძელდება.

მოსამართლეები ასევე მოწმის სტატუსით შეკითხვებს დაუსვამენ უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს.

მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს მოსმენების შესახებ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა, რადგან მაშინ მოქმედი დეპარტამენტის ნაცვლად, კანონის თანახმად შეიქნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც დღესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს. მოპასუხე მხარე კი ამტკიცებს, რომ სააგენტო დამოუკიდებელია.