ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმე

ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ხუთ ბრალდებულს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. მოსამართლემ სანქციის ოდენობა 3 ათასიდან 7 ათას ლარამდე განსაზღვრა. მისი განმარტებით, ბრალდებულებს სასჯელი შეცვლილი მუხლით – სსკ-ის 125-ის პირველი ნაწილით შეეფარდათ, რაც ცემას გულისხმობს.

თავდაპირველად ბრალი 239-ე მუხლით იყო ფორმულირებული. მოსამართლის განმარტებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ამ მუხლის შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განხილვები საქმეზე თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე.

საქმეში არსებული მასალები რვა ტომს შეადგენს. „კორცხელის ინციდენტის“ საქმეზე ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. გიორგი ტყემალაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 2016 წლის 22 მაისს შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად, ექვსი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის, ორი პოლიციელი.

ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.