ე.წ. არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში

ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, მას „ხმების 50%-ზე მეტი აქვს“. ბადრა გუნბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მისი მეტოქე ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბაა. აფხაზეთის „საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, „არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა“. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ„საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის მეორე სკოლაში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს „საარჩევნო ურნა“, დოკუმენტები და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დევნის დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. ამჟამად თავდამსხმელების დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნების მიმდინარეობისას რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარებთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ, მათ შორის ტერორიზმის მუხლით.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.არჩევნებს გმობს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგი უხეში დარღვევაა. „მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ასევე უხეშად და სისტემატურად ირღვევა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ჩატარებული ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველს.“- აღნიშნულია განცხადებაში.