ე.წ. არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში
ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, მას „ხმების 50%-ზე მეტი აქვს“. ბადრა გუნბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მისი მეტოქე ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბაა. აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის ქალაქ განთიადის მეორე სკოლაში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს ე.წ. საარჩევნო ურნა, დოკუმენტები და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დევნის დროს თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. ამჟამად თავდამსხმელების დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მიმდინარეობისას რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარებთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ, მათ შორის ტერორიზმის მუხლით.