ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში – მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა, ე.წ. „არჩევნების“ წინა დღეს დაიხურა. ამასთან, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ე.წ. არჩევნებზე დასაკვირვებლად თავისი წარმომადგენლები არ გაუგზავნია. ე.წ. პრეზიდენტობისთვის ხუთი ე.წ. „კანდიდატი“ იბრძვის: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე, ბჟანია 19 ნოემბერს გადადგა.