ძველი სახეების დაბრუნება ენმ-ში - დაპირისპირების დასრულების უშედეგო გეგმა

ლევან ხაბეიშვილი დათმობაზე წავიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაფართოვდა. პოლიტიკურ საბჭოში დააბრუნეს პარტიის ძველი სახეების ნაწილი, რომლებიც იანვარში ჩატარებული შიდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოაშორეს. თუმცა, მათ შორის არ აღმოჩნდა ნიკა მელიას ფლანგი. თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის დავალებას შესრულებულად აცხადებს და ექს-პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის შემთხვევაში პარტიის კარს ყველასთვის ხსნის. არაფორმალურ მმართველობასთან ერთად სწორედ პოლიტსაბჭოდან ადამიანების უსამართლოდ გაშვება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მისი გუნდი ხაბეიშვილს დაუპირისპირდა. თუმცა პოლიტიკური საბჭოს განახლებამ ერთი წლის წინ დაწყებულ დაპირისპირებას წერტილი მაინც ვერ დაუსვა. საკრებულოების შემდეგ ლევან ხაბეიშვილის გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც მოითხოვენ. მენეჯმენტთან დაპირისპირებული ფლანგისთვის მწვავე კრიზისის დასრულების გზა მოქმედი პოლიტსაბჭოს დაშლაზე და მისი პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებაზე გადის.