ძველი და ახალი ალიანსები ოპოზიციაში

გადაჯგუფებები ოპოზიციურ ფლანგზე და პირველი წინასაარჩევნო გაერთიანება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არჩევნებამდე წლით და სამი თვით ადრე ერთიან ალიანსს ქმნიან. თანამშრომლობა ოფიციალურად ერთი საათის წინ გაფორმდა. ყოფილი მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, გიორგი ვაშაძის პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება გადაწყვიტა. წინა არჩევნების დროს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალასთან ნებისმიერ თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავდა და ხელისუფლების შეცვლის რესურსს მესამე ძალის შექმნაში ხედავდა, თუმცა ახლა პოზიცია შეიცვალა, რაც ცოტა ხნის წინ შექმნილი ალიანსის დაშლის ფასად დაუჯდა. ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძის გზები გაიყო. სავარაუდოდ, ეს წინასაარჩევნოდ ერთადერთი ოპოზიციური ერთობა არ იქნება. კონსულტაციები იგეგმება კვიპროსში. დავით კეზერაშვილთან შესახვედრად ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ემზადებიან.