ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემები ბათუმში
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჭაობის დასახლებაში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე. წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სარდაფებშიც შევიდა. უხვი ნალექის გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
ბათუმის მერიის განმარტებით, ამ დროისთვის აქტიურად იწმინდება სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხები. „ბათუმის წყლისა“ და „აჭარის წყლის ალიანსის“ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით კი დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. რაც შეეხება გადაადგილებას, ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ქალაქის უმეტეს ნაწილს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე 70 აბონენტია დარჩენილი. ასევე მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო, წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური.