ძლიერი წვიმის შედეგები თბილისში

21:15, 15.08.2026

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იწმინდება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რამდენიმე მისამართზე ღორღისა და მიწისგან ათავისუფლებენ გზის სავალ ნაწილებს. პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. სტიქიამ პრობლემები შექმნა წყალმომარაგების ქსელებზე, თუმცა GWP-ში აცხადებენ, რომ სათავო ნაგებობები სტაბილურ რეჟიმში მუშაობს და უხვი ნალექით გამოწვეული მასშტაბური სისტემური ავარია დედაქალაქში არ ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის გარდა, გეგმური და ავარიული სამუშაოების გამო წყალმომარაგების დროებითი შეზღუდვა ფიქსირდება კრწანისის არეალში რამდენიმე ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგება დღეს, 22:00 საათისთვის აღდგება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 150-მდე აბონენტს, სამუშაოები მიმდინარეობს და მომსახურება ხვალ დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე, ნალექი შენარჩუნდება, ამასთან, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაცაა შესაძლებელი.

მსგავსი