კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის განცხადებით, ევროპული კურსის ერთგულების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ათეულობით ადამიანი გაათავისუფლეს. აღნიშნულ საკითხზე დღეს გრიგოლ გეგელიამ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, სამინისტროდან კადრების გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივები აქვს და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის გათავისუფლება იგეგმება. გეგელიას განცხადებით, უწყება კადრებს რეორგანიზაციის საბაბით ათავისუფლებს. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ თანამშრომელი, შესაძლოა, რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონის სრული დაცვით გათავისუფლდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ახალი მინისტრები საკუთარ სამინისტროებში, სახელმწიფოს ეფექტიანობის გასაზრდელად, საკადრო გადაადგილებებს ახორციელებენ.