„ძლიერი საქართველოს“ განცხადება
საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებით, „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. ბრძანებას, რომელსაც განათლების მინისტრმა 12 მარტს მოაწერა ხელი, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. „ძლიერი საქართველოს“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ოფიცრის ფუნქცია სასკოლო საზოგადოების კონტროლი იქნება. ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ განათლების მიღების საყოველთაობა უზრუნველყოს, მოაწესრიგოს სკოლების ინფრასტრუქტურა და კვების საკითხი გადაწყვიტოს, კონტროლის ახალ მექანიზმებს ქმნის. ცნობისთვის, საჯარო სკოლის დირექტორის წარდგინებით, რესურსცენტრის უფროსი, მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომლის მოვალეობა პერსონალური მონაცემების დაცვა იქნება. ბრალდებებს ჯერ კიდევ გუშინ საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა განათლების სამინისტრო – განცხადების თანახმად, საჯარო სკოლებს, როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის 1 ივნისიდან შესული ცვლილების საფუძველზე განესაზღვრა, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის მიერ ბრალდება დეზინფორმაციაა და მხოლოდ სისტემისთვის ზიანის მიყენებასა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.