„ძლიერი საქართველო – ლელო“ პარტიების აკრძალვის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის, არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
სასამართლოს სარჩელით პოლიტიკურმა გაერთიანებამ დღეს მიმართა. საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართულები. „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ, სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და ამ ცვლილებების მიღება, ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს. გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის ერთ-ერთ პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც – ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა.