ძლიერი ქარი და უამინდობა ბათუმში
უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ბათუმში. ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი, მამაკაცი და ქალი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები და ავტომანქანები. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. ერთი საათის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებული იყო ავიამიმოსვლა. ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად თითოეულ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.