ძლიერი ქარი და უამინდობა ბათუმში

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა. შეუფერხებლად მუშაობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. ძლიერი ქარის შედეგად გუშინ პიაცას მოედანთან ორი ადამიანი, მამაკაცი და ქალი დაშავდა, რომლებსაც სამშენებლო ინვენტარი დაეცათ. ისინი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ქალი უკვე ბინაზე გაეწერა, მამაკაცი კი დამატებითი კვლევების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები და ავტომანქანები. მოგლიჯა ხეები. ერთი საათის განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებული იყო ავიამიმოსვლა. ქალაქის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.