ძალოსნობის ფედერაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, ძალოსნობის ფედერაცია, მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას, საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცემს. მაუწყებელი კი თავის მხრივ, ამ ტურნირებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას და გაშუქებას უზრუნველყოფს.

შეთანხმება ერთწლიანია, თუმცა ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში გათვალისწინებულია ვადის გაგრძელებაც.

მომავალი წლის აპრილში, საქართველო, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც ბათუმში გაიმართება და შესაბამისად ამ ტურნირსაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად გააშუქებს.