ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ
პატიმრობა და სამსახურიდან გათავისუფლება – ასეთია მოსამართლის ვერდიქტი გორში დაკავებული პოლიციელების რეზონანსულ საქმეზე.
ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სამართალდამცავების ნაწილი ბრალს აღიარებს. სასამართლო პროცესზე დღეს არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა. გამოძიებასთან თანამშრომლობის და დანაშაულის აღიარების არგუმენტით გირაოს ან ალტერნატიულ სასჯელს ითხოვდნენ ადვოკატები. არ არის გამორიცხული, რომ ფიგურანტთა წრე გაფართოვდეს – გამოძიება გრძელდება. პროკურორი ამბობს, რომ დაკავებულთა ნაწილი ძიებას საჭირო ინფორმაციას არ აწვდის. ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი, რომელიც პოლიციელებმა ორი დღის წინ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სცემეს, ფიზიკურად იძალადეს მის მეგობარზეც. ორივე მათგანს დაზარალებულის სტატუსი აქვს. თუმცა საგამოძიებო მასალებში ბრალდებულად ფიგურირებს ნაცემი ლოცულაშვილიც, რომელსაც ერთ-ერთი ბრალდებული პოლიციელისთვის ქვის სროლას ედავებიან. საავადმყოფოში იმყოფება მითითებული სამართალდამცველიც.
ძალადობის ამსახველი მძიმე კადრები და არაერთგვაროვანი ვერსიები – მხარეები ძალადობამდე განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვანაირად აღწერენ.