დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ამ გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზეც.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ეუთო-ს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპს. შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული, ხანგრძლივი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა, რომელიც მჭიდრო დიალოგს ეფუძნება. დადებითად შეფასდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სამთავრობო სტრატეგიების ეფექტიანი განხორციელება. ასევე ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი შეხვედრა ევროპის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალსაც. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას.