დრონების გამო შეფერხებული ავიამიმოსვლა 

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ავიამიმოსვლა პარალიზებულია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით 52 რეისიდან, რომელიც დღეს შუადღეს უნდა შესრულებულიყო, 30 გაუქმდა და ცხრა შეფერხებულია. მანამდე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტიდან 241 რეისის შესრულება შეფერხდა, გაუქმდა 158. პულკოვოში შეფერხდა 36 და გაუქმდა 87 ფრენა. ამას გარდა, ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაუქმებულია 12 რეისი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ ამჟამად აეროპორტები თანდათანობით უბრუნდებიან გეგმურ მუშაობას.

ცნობისთვის, რუსეთში ქვეყნის მასშტაბით აეროპორტების მუშაობაში შეფერხებები იმ ფონზე დაფიქსირდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონების მასობრივი იერიშის შესახებ აცხადებს. მათი ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის საჰაერო სივრცეში 298 უპილოტო საფრენი აპარატი და ექვსი მართვადი საავიაციო ბომბი გაანადგურეს.