რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე, მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცეში უმისამართო დრონების შეჭრის ფაქტები სულ უფრო ხშირდება.
ბოლო ინციდენტი ლიეტუვაში მოხდა. ქვეყნის საზღვართან დრონის გამოჩენას, საფრთხის წითელი დონის გამოცხადება და ლიეტუვის უმაღლესი თანამდებობის პირების თავშესაფარში გადაყვანა მოჰყვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმისამართო დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე დაფიქსრიდა. უკრაინული დრონი გუშინ ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო, ლატვიაში კი დრონის ჩამოვარდნას, რომელიც ნავთობის საცავის ტერიტორიაზე აფეთქდა, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. გახშირებული ინციდენტების ფონზე უკრაინა ბოდიშების მოხდის რეჟიმშია, დრონების გადამისამართებაზე კი პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს. ბალტიისპირეთის ქვეყნების მისამართით დღეს კრემლიდან მუქარის შემცველი გზავნილები გაისმა.