დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:04, 29.06.2025

ხვალიდან დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. კომისიაზე დისტანციური ჩართვის შეთავაზება ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი ვაშაძეს საპატიმროდან აქვთ. გვარამიასა და ხაზარაძის პასუხი ცნობილია – ლიდერები კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. დაუზუსტებელია გიორგი ვაშაძის პოზიცია. კომისიის წევრები ასევე ხვალ ელოდებიან პასუხს ექს-პრემიერ გიორგი გახარიასგან, რომელთანაც შეკითხვები ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ. გახარიას პარტიის განცხადებით, მათი ლიდერი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესს ესწრება. გახარიას კომისიაზე გამოსაცხადებლად ვადა 2 ივლისამდე აქვს. კიდევ ორი პირი, ვისაც კომისიის სხდომაზე ხვალ მოუსმენენ კონსტანტინე ჟღენტი და ვიქტორ დოლიძეა. განხილული იქნება 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი.

შეგახსენებთ, კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით, ამ დროისთვის რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული.

მსგავსი