დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე იმსჯელა. კომისიის წევრებმა ორ პირს, ვალერი შოშიაშვილსა და გიული ავალიშვილს მოუსმინეს. ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ საოჯახო ბიზნესის და ქონების ჩამორთმევის პარალელურად, მისთვის ფულის გამოძალვის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. გიული ავალიშვილმა კი კომისია წევრებს მისი გარდაცვლილი ძმის, გიორგი ავალიშვილის საქმის დეტალები გააცნო. გიული ავალიშვილის თქმით, მისი ძმა გლდანის ციხეში წამების მსხვერპლი გახდა, რადგან 2011 წლის 26 მაისის აქციების დროს, დემონსტრანტები კახეთიდან თბილისში მისი კუთვნილი სამარშრუტო ტაქსით გადმოჰყავდა. როგორც გიორგი ავალიშვილის და იხსენებს, მისი ძმა ფინანსურმა პოლიციამ კახეთში, 2011 წლის 7 ივნისს პროვოკაციულად დააკავა. მისი თქმით, გიორგი ავალიშვილს, ქალი, რომელიც ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობდა, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო და ერევნიდან ტურისტების ტრანსპორტირება შესთავაზა. მეორე დღეს კი ფულის აღების დროს დააკავეს. რის შემდეგაც, მისი თქმით, მალევე გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი ძმას წამების გამო ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა, მოხვდა მორგშიც და 2012 წელს გლდანის ციხის დატოვებიდან 3 დღეში გარდაიცვალა. როგორც გიული ავალიშვილი ამბობს, მისი ძმის საქმეში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილიც ფიგურირებს.