თათბირი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას წინ უძღოდა: სისხლიან მოვლენებამდე ორი დღით ადრე გამართული შეკრების დეტალები და მაშინდელი მაღალჩინოსნების მიერ გაცემული დავალებები, დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოისმინეს. კომისიის წევრთა კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომელიც 18 წლის წინ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოზიციას იკავებდა. ვასილ მაღლაფერიძემ კომისიას მაშინდელი თათბირის ამსახველი საკუთარი ჩანაწერი გააცნო, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რა მეთოდებით გეგმავდნენ მაშინდელი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები თბილისში დაწყებული ანტისამთავრობო აქციების ჩახშობას, საპროტესტო აქციების მონაწილეების დაშინებას და რა დავალება მისცეს გუბერნატორებს.
7 ნოემბრის მოვლენების გარდა, მაღლაფერიძეს შეკითხვები იმ საკანონმდებლო ინიციატივაზეც დაუსვეს, რომლის საფუძველზე 18 წლის წინ, „სამხრეთ ოსეთის“ დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნა.
რა ვითარება იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ომის შემდეგ პირველ დღეებში ახალგორში და როგორ დატოვეს ადგილობრივებმა ოკუპირებული რაიონი: კომისიამ ახალგორის გამგებელსაც მოუსმინა.