დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი  

„რეფორმების ჯგუფმა“ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოსაკვლევი საკითხებია „სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანის არსებობა, მოსამართლეებზე უკანონო ზემოქმედების, კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები“. პაატა მანჯგალაძის თქმით, დადგენილების პროექტის შემუშავებაში დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მონაწილეობდა. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხმაურებიან მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უკვე იმუშავა სამუშაო ჯგუფმა და შეიქმნა სასამართლო რეფორმის შესაბამისი პაკეტი, რომელიც ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.