საგამოძიებო კომისიის ანგარიში – შეფასება

18:22, 03.09.2025

85 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა 2003 წლიდან დღემდე, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით, დადგენილების პროექტი დაამტკიცა, რაშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა – ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ფასდება. ამასთან, დოკუმენტში ყურადღება მახვილდება „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ბიზნესის ტერორზე, მედიაზე ზეწოლაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე. დადგენილების პროექტი სესიაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიანი საბოლოო დასკვნის საფუძველზე, მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას მოითხოვს. საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა, პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა და ამით, კომისიის დასკვნა მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად იქცა.

საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიან დასკვნა შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში. დასკვნა წიგნად არის გამოცემული და როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, მისი ნახვა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება. ოპოზიციაში, აღნიშნულ კომისიას არასერიოზულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ მის მიზანი მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა.

მსგავსი